top of page

საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა

struqtura.png

ძვირფასო კოლეგებო!

მინდა მივმართო ოჯახის ექიმებს, ზოგადი პრაქტიკის ექთნებს, ოჯახის ექიმ და ექთან მასწავლებლებს. ჩვენ, როგორც პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებს, მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, რაც გულისხმობს ყველა ადამიანისთვის მისი საჭიროების შესაბამისი მაღალი ხარისხის დახმარების მიწოდებას მისთვის სასურველ გარემოში.

პირველადი ჯანდაცვის სისტემის მიერ გაწეული მომსახურება უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ეფექტიანი (როგორც კლინიკურად, ასევე ხარჯების კუთხით), დროული, უსაფრთხო (როგორც პაციენტებისთვის, ასევე პერსონალისთვის) და თანაბრად ხელმისაწვდომი. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ნდობა პირველადი ჯანდაცვის პერსონალის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საუკეთესო მკურნალობას.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ როგორც პჯდ პროფესიონალებმა, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ საკუთარი ცოდნის სრულყოფასა და კლინიკურ დახელოვნებაზე. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უწყვეტი პროფესიული განათლება და მომსახურების ხარისხი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი პაციენტების კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს უამრავი ადამიანის სიცოცხლესთან შეხება, ნუგეში და იმედის მიცემა, როდესაც ის ყველაზე მეტად სჭირდება პაციენტს. ეს სერიოზული მისიაა, რომელსაც მთელი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ.

განათლება ჩვენი კლინიკური დახელოვნების საფუძველია, სამედიცინო სფერო მუდმივად ვითარდება, ჩვენს ირგვლივ თავბრუდამხვევი სისწრაფით ჩნდება სულ უფრო მეტი ახალი სამკურნალო საშუალება, ტექნოლოგია და მეცნიერული მიღწევა და იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო მომსახურების მიწოდება, აუცილებელია უწყვეტი განათლება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ხარისხი მედიცინის სფეროში სრულყოფილების სინონიმია, ხარისხის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მოდური სიტყვები, ეს ჩვენი, როგორც სამედიცინო პერსონალის, მორალური ვალდებულებაა. აუცილებელია საკუთარი კლინიკური პრაქტიკის ხარისხის საზომი ინსტრუმენტების რეგულარული გამოყენება, მომსახურების ხარისხის ობიექტური შეფასება და გაუმჯობესება, რათა ჩვენმა პაციენტებმა საუკთესო სამედიცინო დახმარება მიიღონ. პაციენტის უსაფრთხოება, სამედიცინო დახმარებისადმი დროული წვდომა და ეფექტური კომუნიკაცია ის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რაც ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ არასოდეს უნდა წავიდეთ კომპრომისზე ამ პრინციპების კუთხით.

საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის განათლებისა და ხარისხის მიმართულების მისიას სწორედ სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა, პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, კლინიკური აუდიტი და ანალიზი, ბენჩმარკინგი, პჯდ პერსონალისთვის უპგ კურსებისა და სასწავლო კურიკულუმების შემუშავება, ტრენინგები, პჯდ პერსონალის კომპეტენციების შეფასებისა და გაუმჯობესების სისტემის დანერგვა წარმოადგენს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ამ მისიის ფარგლებში მჭიდროდ და ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების კუთხით. ვეცადოთ, საკუთარ ვალდებულებად ვაქციოთ განათლებასა და ხარისხზე ზრუნვა, რადგანაც აღნიშნულით მხოლოდ პატივს კი არ ვცემთ ჩვენს პროფესიას, არამედ ვაუმჯობესებთ ჩვენი პაციენტების სიცოცხლის ხარისხს.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქმისადმი ერთგულებისა და ენთუზიაზმისთვის. ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას, ერთად აუცილებლად უკეთესობისკენ შევცვლით ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობას.

bottom of page