ვებ-გვერდი მუშაობს ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობს გვერდის რეკონსტრუქცია
NFMTC@NILC.ORG.GE | + (995 32) 295 98 66; + (995 32) 296 98 53
საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი
GEORGIA FAMILY MEDICINE ASSOCIATION
საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა
ზოგადი პრაქტიკოსების/ოჯახის ექიმების ნაციონალური
კოლეჯების, აკადემიებისა და აკადემიური ასოციაციების
მსოფლიო ორგანიზაციის (WONCA) წევრობის კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ უორენ ჰეფფრონს
ბატონ უორენ,
მაქვს პატივი მხარი დავუჭირო საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის WONCA -ში გაწევრიანების პროცესს.
საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი საქართველოს ოჯახის ექიმთა კავშირისა (1995-2003) და საქართველოს ოჯახის ექიმთა მასწავლებლების კავშირის (2001-2003) გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ეს ორგანიზაცია ყველაზე უკეთწარმოაჩენს საქართველოში საოჯახო მედიცინის სახეს. ზოგადი საექიმო პრაქტიკა/ოჯახის ექიმი საქართველოსთვის ახალი სპეციალობაა. საოჯახო მედიცინის მოდელისთვის შრომითი რესურსების მომზადება ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაიწყო. კავშირში გაერთიანდა ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც საქართველოში საოჯახო მედიცინის მოდელის ჩამოყალიბების მიზნით 1997-2003 წლებში შეიქმნა. დღეისათვის საქართველოში სულ 109 სერტიფიცირებული ოჯახის ექიმია, აქედან 104 კავშირის წევრია. კავშირში გაერთიანებული სხვადასხვა სპეციალობის ექიმები კი ამჟამად გადიან მომზადებას და სავარაუდოა, რომ მათი უმრავლესობა სერტიფიცირებული იქნება 2004 წლის დასაწყისისათვის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ კავშირის შემადგენლობა არაერთგვაროვანია და იგი სხვადასხვა სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს. კავშირის მულტიპროფესიული ბუნება არსებითად გააუმჯობესებს კომუნიკაციას პირველადი ჯანდაცვის სხვადასხვა მიმწოდებელს შორის და ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის გუნდის ფორმირებას, რომელიც საოჯახო მედიცინის სფეროში ნებისმიერი საქმიანობის მთავარი განმახორციელებელია.
საქართველოში საოჯახო მედიცინა განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ძალიან თვალსაჩინოა ამ დისციპლინისთვის მყარი აკადემიური საფუძვლების არ არსებობის პრობლემა, რომელიც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. ჩემი ღრმა რწმენით კავშირში სამედიცინო სკოლებისა და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების გაერთიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირველად ჯანდაცვასა და საოჯახო მედიცინაში სამეცნიერო კვლევების წარმოებასა და განათლების პროცესების გაუმჯობესებას. კავშირის მთავარი მიზანი და ამოცანებიც სწორედ საოჯახო მედიცინისთვის აკადემიური საფუძვლების გაძლიერებისკენაა მიმართული, რაც ითვალისწინებს პროფესიულ წვრთნას, კვლევას და ზოგად საექიმო პრაქტიკაში პაციენტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. კავშირს აქვს სათანადო ინტელექტუალური რესურსი, რაც მას ამ ამოცანების განხორციელების საშუალებას მისცემს.
საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის WONCA-ში გაწევრიანება ქართველი ოჯახის ექიმების საოჯახო მედიცინის განვითარებისკენ მიმართული მსოფლიო მოძრაობაში გაერთიანებას ნიშნავს. ეს, თავისთავად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საოჯახო მედიცინის მოდელის განვითარებას, რაც საქართველოს ჯანდაცვის რეფორმის უმთავრესი მიმართულებაა.
იმედი მაქვს WONCA-ს წევრობის კომიტეტი დადებითად გადაწყვეტს საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის გაწევრიანების საკითხს.
პატივისცემით,
პროფესორი ამირან გამყრელიძე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი