top of page

საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა

struqtura.png

საოჯახო მედიცინის განვითარება საქართველოში

საოჯახო მედიცინის დანერგვა საქართველოში ახალი დაწყებულია. ეს პროცესი, დასაწყისშივე, უამრავი სირთულისა და პრობლემის დაძლევას მოითხოვს, თუმცა გვაძლევს ცვლილების პროცესის მიმართულებასა და განვითარების ტემპზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებას. ჩვენ, ახალი სამედიცინო სპეციალობის წარმომადგენლებმა, ხმამაღლა უნდა განვაცხადოთ, რომ მზად ვართ ჩვენი პაციენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

წინამდებარე სტატია, დისკუსიის გასამართად, მიზნად ისახავს გაგაცნოთ რამდენიმე მოსაზრება. მივესალმებით თქვენს კომენტარებსა და წინადადებებს, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში საოჯახო მედიცინის განვითარებისათვის.

გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები გამოგზავნოთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე ან ჩვენს ვებგვერდზე www.gfma.ge.

საოჯახო მედიცინა ჯანდაცვის სისტემის საფუძველი უნდა გახდეს. ჩვენი ღრმა რწმენით, საოჯახო მედიცინის სამსახურები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც უფრო მეტად დაფასდება პაციენტების მიერ, ვინაიდან მომსახურების ცენტრში ყოველთვის პაციენტი მოიაზრება. მათ უნდა გაეწიოთ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო მომსახურება, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იქნება მორგებული. საზოგადოებაში არსებული ჯანდაცვის პრობლემების დიდი ნაწილი საოჯახო მედიცინის პრაქტიკაშივე უნდა გადაიჭრას; ჰოსპიტალური სამსახურები კი გამოყენებულ იქნას უფრო სერიოზული კლინიკური პრობლემების გადასაჭრელად ან სპეციალისტის მომსახურების აუცილებლობის შემთხვევაში.

ქვემოთ სქემატურადაა მოცემული ის ძირითადი საკითხები, რომლებიც პაციენტებთან ჩვენს ურთიერთობას განსაზღვრავს:

სწავლება

ჩვენი მსმენელები მალე დაამთავრებენ გადამზადების კურსს საოჯახო მედიცინაში და განუმარტავენ საზოგადოებას, თუ რაში მდგომარეობს ახალი მომსახურების არსი და გადამზადების შედეგად შეძენილი უნარ-ჩვევები, რომლებიც პაციენტის საჭიროებებზეა ორიენტირებული. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ მოსახლეობის ნდობა და დავარწმუნოთ ისინი საოჯახო მედიცინის სამსახურებით სარგებლობის აუცილებლობაში. მოსახლეობა, ჩვენი სამსახურებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ დარწმუნდება ჩვენს კვალიფიციურობასა და შეთავაზებული დიაგნოსტიკური სამსახურების, პრაქტიკული რჩევებისა და კონსულტაციების მაღალ ხარისხში. პროცესის ცენტრში დგას ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა და სწორედ აქ, ინდივიდუალური ურთიერთობის დონეზე უნდა დაიწყოს კომუნიკაცია. პაციენტისა და ექიმის კონფიდენციალური ურთიერთობის გაგრძელებას წარმოადგენს ურთიერთობა საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან - შემოთავაზებული მომსახურების არსის უკეთ გაცნობიერების მიზნით.

მიმდინარე წლის დაწყებამდე გადამზადდა ექვსი ექიმის ან ექვსი ექთნისაგან შემდგარი ჯგუფები - შესაბამისად შვიდი და ექვსი თვის განმავლობაში. როგორია თქვენი აზრი – იყო სწავლების პროცესი ადექვატური და პასუხობდა ჩვენსა და ჩვენი პაციენტების საჭიროებებს? ახლახანს დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადება 12 ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფებში მიმდინარეობს. როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა სწავლების ხარისხზე? მიუხედავად იმისა, თუ როგორია სწავლების სტრუქტურა, ჩვენ, როგორც სამედიცინო სპეციალობამ უნდა უზრუნველვყოთ სათანადო უნარ-ჩვევების ათვისება პირველადი ჯანდაცვის მუშაკების მიერ მაღალკვალიფიციური მომსახურების გასაწევად. უმნიშვნელოვანესია ხარისხზე დამყარებული მომსახურების სისტემის ჩამოყალიბება.

როგორ ვაპირებთ ამ პროცესის შეფასებას?

გრძელვადიან პერსპექტივაში საოჯახო მედიცინის სწავლება რეზიდენტურის პროგრამების საშუალებით განხორციელდება. ეს პროცესი დაწყებულია. ჩვენი ამოცანაა გადამზადებისა და რეზიდენტურის პროგრამების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. რეზიდენტურის პროგრამის მასშტაბი, სამომავლოდ, უნდა გაიზარდოს საკმარისი რაოდენობის ექიმების მოსამზადებლად.

ჩვენი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შენარჩუნება და შემდგომი დახვეწა მხოლოდ პრაქტიკული მუშაობით არის შესაძლებელი. ჩვენ, პაციენტების განსხვავებული ჯგუფების კონსულტირებისა და მკურნალობის საშუალება უნდა გვქონდეს. გარდა ამისა, ყველა ექიმსა და ექთანს ესაჭიროება ცოდნის განახლება და გაღრმავება უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად.

როგორ ვაპირებთ განვსაზღვროთ ჩვენი მოთხოვნები და სწორი მიმართულება მივცეთ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას?

პროფესიონალიზმი

საოჯახო მედიცინის გუნდი მომავალში მომსახურების განმახორციელებელი ძირითადი ერთეული იქნება. მას სათანადო კლინიკური და პროფესიული ლიდერის ჩვევები ესაჭიროება. ჩვენი მომსახურება უნდა დაეფუძნოს საუკეთესო კლინიკურ პრაქტიკას, რომელიც მოითხოვს კლინიკური სახელმძღვანელოების შემდგომ განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას ყოველგვარ საქმიანობაში. შემუშავებულია რიგი კლინიკური სახელმძღვანელოებისა და მათი მოძიება შესაძლებელია საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაციის ვებ-გვერდზე. რიგი კლინიკური სახელმძღვანელოებისა შესამუშავებელია.

როგორ ვაპირებთ საკუთარი წვლილის შეტანას მათი შექმნისა და დანერგვის მონიტორინგში?

საჭიროა ჩვენი, როგორც პროფესიის უფრო მჭიდროდ შეკავშირება. საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია ფუნქციონირებს ეროვნულ დონეზე, ჩვენ კი ადგილობრივი ქსელები უნდა განვავითაროთ და მოვაწყოთ შეკრებები შეხედულებებისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების, პროფესიული განვითარების საკითხებში ურთიერთმხარდაჭერის მიზნით.

თქვენი აზრით, როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ადგილობრივი პროფესიული ქსელების ჩამოყალიბებასა და განვითარებას?

როგორ უნდა გახდეს საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია უფრო აქტიური და წარმოადგინოს თქვენი მოსაზრებები?

საოჯახო მედიცინა ახალი სპეციალობაა საქართველოსათვის. ჩვენ წვლილი უნდა შევიტანოთ ზოგადად სამედიცინო პროფესიის განვითარებაში და ვითანამშრომლოთ სხვა სამედიცინო სპეციალობებთან მოსახლეობისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

როგორ გესახებათ სხვა სპეციალობებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სამედიცინო პროფესიების სათანადოდ დამკვიდრების მიზნით?

სისტემები

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საფუძვლიანი რეფორმირების პროცესშია. ყველა საკითხი არ არის ნათელი და ბევრი პრობლემა რჩება გადასაჭრელი. საოჯახო მედიცინას აქვს საშუალება გავლენა იქონიოს სპეციალობის მომავალ განვითარებაზე და ჩამოაყალიბოს სისტემები, რომლებიც მომსახურების გაუმჯობესებას და სახსრების რაციონალურ ხარჯვას შეუწყობს ხელს. ეს გულისხმობს პახუხის გაცემას შემდეგ კითხვებზე:

როგორ განხორციელდება საუკეთესო ხარისხისEმომსახურების ანაზღაურება?

როგორ მოვახდინოთ ზეგავლენა მოთხოვნაზე მომსახურების მიმართ?

როგორ გავზარდოთ მომსახურების სპექტრი მოთხოვნების განსხავავებული ხასიათის ასახვით?

როგორ უნდა განხორციელდეს მართვა და რეგულირება უსაფრთხოების, ხარისხიანი მომსახურების თანაბრად მიწოდების და ხარჯების რაციონალურობის ზრდის მიზნით?

უწყვეტი გაუმჯობესებისათვის გადამწყვეტია სათანადო მოტივაცია. საოჯახო მედიცინის ანაზღაურების სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს გაწეული მძიმე შრომის სათანადოდ დაფასებას, პრევენციული და იმუნიზაციის პროგრამების სათანადო დაფინანსებას. პაციენტების მოთხოვნების პასუხად, პროვაიდერების მხრიდან, საჭიროა მოქნილობა მომსახურების გაწევის განსხვავებული გზების დასამკვიდრებლად. მომსახურების ანაზღაურება მომავალში განხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს და კერძო სადაზღვევო კომპანიების საშუალებით. კონტრაქტირების სათანადო პროცესი მოითხოვს ორ მხარეს კონტრაქტირების თანაბარი პოტენციალით. აღნიშნულ ორ მხარეს წარმოადგენს შემსყიდველი (ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო და კერძო სადაზღვევო კომპანიები) და ჩვენ, მომსახურების პროვაიდერები.

რამდენად მომზადებულები ვართ მოლაპარაკების მოცემული რეჟიმისათვის?

თუ არა ვართ – როგორ უნდა გავიმყაროთ პოზიციები?

როგორ უნდა უზრუნველვყოთ კონტრაქტებში ჩვენი ინტერესებისა და საჭიროებების ასახვა?

ჩვენი საქმიანობის სადემონსტრაციოდ აუცილებელია ინფორმაციის შეკრება და გავრცელება ჩვენს მიერ მიწოდებული მომსახურებისა და მოსახლეობის შესახებ.

გვაქვს სათანადო საშუალებები არგუმენტაციისთვის საჭირო ინფორმაციის დოკუმენტირებისათვის?

რეფერალური სისტემა ფასების კონტროლოს ძირითადი მექანიზმია და უზრუნველყოფს პაციენტებისათვის სათანადო მომსახურების მიწოდებას, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს სისტემები არ არის ჩამოყალიბებული და შესაძლოა, მათ სხვა სპეციალიტების უკმაყოფილება გამოიწვიონ.

როგორ უნდა დავძლიოთ ეს წინააღმდეგობა და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი როლი საოჯახო მედიცინის პრაქტიკების მიერ გასაწევი მომსახურების სპექტრის განსაზღვრისას?

მომსახურების ხარისხი პროფესიულ განვითარებაზეა დამოკიდებული, რაც მოითხოვს სათანადო ტრენინგს, კოლეგებთან აზრთა და გამოცდილების გაზიარების მეთოდებს. ჩვენს ინტერესებში შედის პროფესიული განვითარების და რელიცენზირების სათანადო სისტემების ჩამოყალიბება. გარკვეული სამუშაო, ეროვნულ დონეზე, ამ მიმართულებით ჩატარდა, მაგრამ სისტემა ამჟამად არ ფუნქციონირებს.

როგორ უნდა უზრუნველვყოთ რელიცენზირების სათანადო სისტემის ჩამოყალიბება?

რესურსები

ხარისხიანი მომსახურების გაწევა შესაძლებელია სათანადო უნარ-ჩვევების, ცოდნის, პროფესიონალიზმისა და სისტემების საფუძველზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, არანაკლებ როლს ჩვენს ხელთ არსებული რესურსები თამაშობს. რესურსებში მოიაზრება შენობა-ნაგებობები და აღჭურვილობა, სადიაგნოსტიკო საშუალებები და მომსახურება, პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი მედიკამენტები. რიგი საოჯახო მედიცინის სპეციალისტებისა განახლებულ დაწესებულებებში მუშაობს და ახალი აღჭურვილობით სარგებლობს, თუმცა ბევრი კვლავაც ძველ, არაკომფორტულ სამუშაო პირობებში რჩება.

როგორ უზრუნველვყოთ საოჯახო მედიცინის სპეციალისტების სტანდარტული მაღალი ხარისხის აპარატურით მომარაგება და პაციენტის კონფიდენციალურობისა და პრივატულობის ხელშემწყობი სამუშაო გარემო?

საოჯახო მედიცინის ქვაკუთხედს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა და კონსულტაციის პროცესი წარმოადგენს. პაციენტი საჭიროებს ინფორმაციას მომსახურების შესახებ, ჩვენ კი გვჭირდება უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიები მომსახურების გაწევისა და პროფესიული განვითარებისათვის.

როგორ უზრუნველვყოთ პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდება სათანადო ხარისხით და მისი კმაყოფილება გაწეული მომსახურებით?

როგორ უზრუნველვყოთ კლინიკური პრაქტიკის სათანადო ხარისხი და ჩვენს ხელთ არსებული რესურსების სათანადო მართვა?

დასკვნა

საოჯახო მედიცინა აღიარებული სამედიცინო სპეციალობაა ევროპაში, საქართველოში კი მისი განვითარებისათვის, სათანადო ხარისხისა და რაციონალურობის მისაღწევად უწყვეტი ძალისხმევაა საჭირო. აღნიშნული მოითხოვს ორგანიზაციული სტრუქტურის, განვითარების სისტემების ცვლილებებს, მეტ რესურსებსა და პროფესიონალიზმის განვითარებას საოჯახო მედიცინაში. თუმცა წამყვანი მაინც პაციენტის მიერ საოჯახო მედიცინის წარმომადგენლებსა და პაციენტებს შორის არსებული ურთიერთობის დაფასებაა, რაც ფართოდ უნდა აისახოს რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.

ოჯახის ექიმების გადასამზადებელი ახალი პროგრამა საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და ევროპის საოჯახო მედიცინის მასწავლებელთა ასოციაციის/ოჯახის ექიმთა მსოფლიო ასოციაციის რეკომენდაციების გათვალიწინებით შემუშავდა; პროცესის ცენტრში პაციენტი დგას. ყველასათვის უპირველესი საზრუნავი - პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება და სათანადო ურთიერთობებია. საჭიროა საოჯახო მედიცინის მომსახურების პოპულარიზაცია, რაც ჩვენივე ძალებით უნდა განვახორციელოთ.

საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია ცდილობს პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას ყველა სასწავლო დაწესებულებასა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციასთან. ასოციაციის სიძლიერე მისი წევრების სიძლიერეში გამოიხატება და თქვენი აქტიური ჩაბმა და მხარდაჭერა გადამწყვეტია მის მძლავრ პროფესიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად.

გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი, თუ როგორ გესახებათ საოჯახო მედიცინის მომავალი საქართველოში.

bottom of page