ვებ-გვერდი მუშაობს ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობს გვერდის რეკონსტრუქცია
NFMTC@NILC.ORG.GE | + (995 32) 295 98 66; + (995 32) 296 98 53
საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი
GEORGIA FAMILY MEDICINE ASSOCIATION
საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია 20 წლისაა
პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ 2003 წლის ნოემბერში “ოჯახის ექიმთა ასოციაციისა (რომელიც რეგისტრირებული იყო 1995 წლის 28 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 28.12 #37/3 დადგენილებით-პრეზიდენტი პროფ. ა.ალადაშვილი) და “ოჯახის ექიმის მასწავლებელთა კავშირის” (2001-2003წწ - თავ-რე თ.გაბუნია) გაერთიანების საფუძველზე ჩამოყალიბდა “საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა რეგისტრირებული კავშირი (თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 16.12.03-ის დადგენილება #5/9-813 თავ-რე ი. ქაროსანიძე).
კავშირის მიზანია:
- საქართველოში საოჯახო მედიცინის მოდელზე დამყარებული პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
რაც, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკისა და მისი განხორციელების სტრატეგიული გეგმის მთავარ ელემენტს წარმოადგენს.
კავშირში გაერთიანდა ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც საქართველოში საოჯახო მედიცინის მოდელის ჩამოყალიბების მიზნით 1997-2003 წლებში შეიქმნა.
დღეისათვის საქართველოში სულ 109 სერთიფიცირებული ოჯახის ექიმია, აქედან 104 კავშირის წევრია. ასევე მისი წევრები (სულ 224) არიან ჯანდაცვის ორგანიზატორები, ექსპერტები, ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ და ხელს უწყობენ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესს. კავშირის მულტიპროფესიული ბუნება არსებითად გააუმჯობესებს კომუნიკაციას პირველადი ჯანდაცვის სხვადასხვა მიმწოდებელს შორის და ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის გუნდის ფორმირებას, რომელიც საოჯახო მედიცინის სფეროში ნებისმიერი საქმიანობის მთავარი განმახორციელებელია.
კავშირის წევრები თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროგრამების განხორციელებაში. 1996 წლიდან დღემდე დაგროვდა დიდი გამოცდილება, გარკვეული ხედვა იმ ბარიერებისა თუ ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, რაც შეაფერხებს ან დააჩქარებს საქართველოში საოჯახო მედიცინის მოდელზე დაფუძნებული პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას. კავშირს მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ჩემს შემდეგ გამოსვლებში კავშირის წევრები დეტალურად ისაუბრებენ აღნიშნულ საკითხებზე.
კავშირის ამოცანებია:
- საქართველოში საოჯახო მედიცინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების: ოჯახის ექიმების, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და მენეჯერების პროფესიული საქმიანობის სტანდარტებისა და ნორმატივების შემუშავება, მათი პრაქტიკაში გამოყენების შედეგების ანალიზი და კონტროლი;
აღნიშნული მომართულებით კავშირს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. შემუშავებულია სამართლებრივი საფუძვლები-დებულებები ზოგადსაექიმო პრაქტიკებისა და სასწავლო ცენტრების ფუნქციონირებისათვის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები ოჯახის ექიმების, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და მენეჯერებისათვის; დებულებები ოჯახის ექიმების, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და მენეჯერ-მასწავლებლებისათვის; საოჯახო მედიცინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების გადამზადების დროებითი სასწავლო პროგრამები და სხვ. თუმცა ბევრი რამ გასაკეთებელია..
- ოჯახის ექიმების, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და მენეჯერების საქმიანობის შესწავლა და ამის საფუძველზე, მაღალი პროფესიული სტანდარტის შენარჩუნების მიზნით კონკრეტული გზების დასახვა;
საქმიანობის შესწავლა, რა თქმა უნდა, სისტემატურად უნდა ხდებოდეს, რათა დროულად იქნას შეფასებული არის თუ არა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სწორი ან ხორციელდება თუ არა ჩვენი საქმიანობა მართებული გზებით; რას ნიშნავს კარგი პირველადი ჯანდაცვა, როგორია პროფესიული ღირებულებები და კლინიკური კომპეტენციები, რომლის დამკვიდრებასაც ვფიქრობთ??? სწორედ ამ საკითხებზე კავშირი აქტიურად მუშაობს. ბევრი რამ გაკეთდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის საფუძვლების შესაქმნელად და ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების მიზნით. ჩვენს პრაქტიკულ საქმიანობაში აუდიტის სისტემა დანერგილი არ ყოფილა. ეს საკითხი სრულიად ახალია და კავშირმა დაიწყო აუდიტის, როგორც საგანმანათლებლო პროცესის დამკვიდრება, მისი როლის გაზრდა პროფესიული განვითარების საქმეში და არა როგორც დამსჯელი ღონისძიება.
- საოჯახო მედიცინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი პროფესიული წვრთნის პროგრამების მომზადებაში აქტიური მონაწილეობა და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა;
საქართველოში საოჯახო მედიცინა განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ძალიან თვალსაჩინოა ამ დისციპლინისათვის მყარი აკადემიური საფუძვლების არარსებობის პრობლემა, რომელიც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. კავშირში სამედიცინო სკოლებისა და უნივერსიტეტების პროფესორმასწავლებლების გაერთიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირველად ჯანდაცვასა და საოჯახო მედიცინაში სამეცნიერო კვლევების წარმოებასა და განათლების პროცესების გაუმჯობესებას. კავშირის მთავარი მიზანი და ამოცანებიც სწორედ საოჯახო მედიცინისათვის აკადემიური საფუძვლების გაძლიერებისკენაა მიმართული, რაც ითვალისწინებს პროფესიულ წვრთნას, კვლევასა და ზოგადსაექიმო პრაქტიკაში პაციენტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
- ოჯახის ექიმებისათვის, ზოგადი პრაქტიკის ექთნებისა და მენეჯერებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;
ქვეყნის განვითარებაში იწყება პერიოდი, როდესაც ექიმთა პროფესიულმა ასოციაციებმა დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, უნდა წარმართონ უწყვეტი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული დახელოვნების პროცესები; დასწრებული და დაუსწრებელი პროგრამების აკრედიტაცია, სხვადასხვა კატეგორიების კრედიტსაათების მინიჭების, ექიმთა სერთიფიცირებისა და რესერთიფიცირების პროცესები და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლისა და მასზე პასუხისმგებლობის ფუნქციაც. ამ მიმართულებითაც, კავშირი მზად არის გააკეთოს განაცხადი მზადყოფნის თაობაზე.
- ზოგადი საექიმო პრაქტიკისათვის უახლეს მეცნიერულ ფაქტებზე დამყარებული გაიდლაინების შემუშავება და მათი პრაქტიკული დანერგვის ხელშეწყობა;
არსებობს სარწმუნო მეცნიერული ფაქტები, რაც ადასტურებს, რომ გაიდლაინები ზემოქმედებას ახდენენ კლინიკურ პრაქტიკაზე. ამ მიმართულებითაც კავშირმა, შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი სამუშაოები ჩაატარა. თითქმის ყველა გავრცელებულ პრობლემასა თუ დაავადებაზე შემუშავებულია გაიდლაინები და პროტოკოლები, რომლებიც მტკიცებულებებზე დამყარებული საერთაშორისო და ნაციონალური ჩარჩოებს ან რეკომენდაციებს ეფუძნება.
თუმცა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჯანდაცვისაკენ ტრანსლაციის პროცესი საკმაოდ რთულია და ცვლილებების მართვის ძლიერ პროგრამას უნდა ეყრდნობოდეს.
შესაქმნელია, აგრეთვე, სისტემა გაიდლაინების რეგულარული გადახედვისა და განვითარების მიზნით.
- ზოგადი საექიმო პრაქტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დანერგვა. ამ გზით არსებული პრობლემების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად პრაქტიკული ღონისძიებების გეგმების შემუშავება, მათი ორგანიზაცია და კოორდინაცია საქართველოს მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურეობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით;
რაც შეეხება სამეცნიერო ასპექტებს, სწორედ ასოციაციის დამსახურებაა ის, რომ სასწავლო პროგრამებსა და საქმიანობაში დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო კვლევების კონცეფციას, კვლევების ზოგად პრინციპებსა და მეთოდებს, სტატისტიკის საფუძვლებს, სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული შეფასებისა უნარ-ჩვევების განვითარებას, ხარისხის უწყვეტი განვითარების მეთოდოლოგიის დანერგვასა და სხვ.
ამ მხრივ, კვლავაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რათა აღნიშნული საქმიანობა დაინერგოს ჩვენს რუტინულ პრაქტიკაში. იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ მაღალი ხარისხის, ინტეგრირებული ჯანდაცვა, აუცილებელია შემუშავებულ იქნას პირვალადი ჯანდაცვის კვლევებისა და განვითარების პროგრამები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. სხვაგვარად ასეთი ამბიციური მიზნების მიღწევა შეუძლებელია.
- საოჯახო მედიცინის დარგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებისა და უახლესი მიღწევების შესწავლა და მათი დანერგვა საქართველოს სამედიცინო პრაქტიკაში;
კავშირი რეგულარულად ეცნობა განვითარებული ქვეყნების-ინგლისის, კანადის, გერმანიის და სხვ. საოჯახო მედიცინის დარგში მიღწევებსა და გამოცდილებებს. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, აგრეთვე, განვითარებადი და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების გამოცდილება და მიღებული გაკვეთილები. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს გათვალისწინებული იქნება საქართველოს სინამდვილეში, რათა რეფორმა და ტრანსფორმაციის პროცესები უფრო უმტკივნეულო გავხადოთ საქართველოს მოსახლეობისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის.
- საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოში საოჯახო მედიცინის განვითარების მიზნით;
მინდა გაცნობოთ, რომ ოჯახის ექიმების აკადემიებისა და ასოციაციების მსოფლიო ორგანიზაციის “WONCA”-ს წევრობის კომიტეტი აქტიურად იხილავს “საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის” “WONCA EUROPE” და “WONCA WORLD”-ში გაერთიანების საკითხს, რაც ქართველი ოჯახის ექიმების საოჯახო მედიცინის განვითარებისაკენ მიმართულ მსოფლიო მოძრაობაში გაერთიანებას ნიშნავს.
კავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საერთაშორისო ფონდ “კურაციოსთან”; ასოციაციებთან “ჯანმრთელობა ყველასათვის” და “პირველადი ჯანდაცვის ხელშემწყობთა კავშირი”; საქართველოს მთავრობასთან ეროვნულ, რეგიონალურ და ლოკალურ დონეებზე. ურთიერთობები და თანამშრომლობა უცხოეთის და საქართველოს ყველა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან აუცილებელი წინაპირობაა საქართველოში საოჯახო მედიცინის განვითარების ურთულეს გზაზე.
- საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობის წარმართვა საქართველოს მოსახლეობისა და მედიცინის მუშაკებისათვის საოჯახო მედიცინის შესახებ სამეცნიერო-პრაქტიკული და პოპულარული ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
ნათელია, რომ საოჯახო მედიცინას ძალიან დიდი პოპულარიზაცია ესაჭიროება, როგორც სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს შორის, ყველა დონეზე, ასევე ფართო სოციალური მარკეტინგის კამპანიის გაჩაღებაა აუცილებელი საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნას, როგორც მასმედია, ასევე
სხვა საშუალებები-პირისპირ კონტაქტები, კარდაკარ შემოვლები, გამოფენები, კონფერენციები და სხვ. ეს მოძრაობა დაწყებულია. ამას მოწმობს საოჯახო მედიცინაში მომზადება-გადამზადების მსურველთა ზრდა; საოჯახო მედიცინის ცენტრების უტილიზაციის მკვეთრი მატება. თუმცა ეს საკმარისი არაა, ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
- საქართველოში საოჯახო მედიცინის მოდელის ფარგლებში ჯანდაცვის პროფესიონალთა პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა, აგრეთვე მათი პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა.
კავშირი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით; პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონით და კავშირის წესდებით. პროფესიული კავშირების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლში აღნიშნულია, რომ კავშირს გააჩნია მუშაკთა შრომითი და სოციალურეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება. ამ უფლებებს კავშირი, ყველა საჭირო შემთხვევაში გამოიყენებს თავისი წევრების დაცვის მიზნით.